კორონავირუსის ინფექციის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადადის. სწავლა 16 მარტიდან სწორედ ამ ფორმატით განახლდება.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი სოსიაშვილის თქმით, ასეთი სახით სასწავლო პროცესი 1-ელ აპრილამდე გაგრძელდება. „გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები ერთად გავუმკლავდებით არსებულ გამოწვევას. 16 მარტს სწავლა განახლდება ონლაინ ფორმით, ასეთი სახით სასწავლო პროცესი გაგრძელდება 1-ელ აპრილამდე, შემდეგ კი, ჩვეულ გარემოს დავუბრუნდებით. ვიცი, ბევრი კითხვა გაჩნდება, როგორც პროფესორ-მასწავლებლების, ისე სტუდენტების მხრიდან. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბოლომდე შევინარჩუნოთ მაღალი აკადემიური დონე”, - აცხადებს უნივერსიტეტის რექტორი.
მისივე თქმით, შაბათს, 14 მარტს 12 საათზე, ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალის შეხვედრა გაიმართება, სადაც კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავება მოხდება.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 16 მარტამდე შეჩერებულია.