საზოგადოება
05.08.2024 11:51
კულტურის სამინისტრომ ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანთა განათლების ხელშეწყობის მიზნით, კონკურსი გამოაცხადა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ კონკურსი - „ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანთა განათლების ხელშეწყობა“, გამოაცხადა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, კონკურსის მიზანი უმაღლესი სახელოვნებო განათლების ხელმისაწვდომობა, თანამედროვე ხელოვნებაში მიმდინარე პროცესებთან ინტეგრირება, ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანთა მოტივაციის გაზრდა, პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობაა.

რაც შეეხება კონკურსს, ბიუჯეტი, ჯამში, 300 000 ლარია და საკონკურსოდ მიიღება პროექტები საქართველოსა და უცხოეთში აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებზე არაუმეტეს 1 აკადემიური წლის ვადით სწავლის მსურველთა ხელშესაწყობად.

„კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს 18-იდან 35 წლამდე ასაკის ფიზიკურ პირს, საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სწავლობს ან ჩაირიცხა: საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე; უცხოეთის სასწავლებელში საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე და მოპოვებული აქვს შესაბამისი სასწავლებლის თანადაფინანსება, არანაკლებ 25 %-ისა.

კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი პროექტი (სამინისტროსთვის მოთხოვნილი თანხა) შესაძლებელია დაფინანსდეს სრულად ან ნაწილობრივ.

შეიძლება უპირატესობა მიენიჭოს კონკურსანტს, რომელმაც წარმატებით დაამთავრა ბაკალავრიატი და საზღვარგარეთ რომელიმე უმაღლესი სახელოვნებო სასწავლებლის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლაში სურს ხელშეწყობა; ან/და ეუფლება უმაღლესი სახელოვნებო განათლების რეფორმით განსაზღვრულ დეფიციტურ, მოთხოვნად პროფესიას; ან/და შეთანხმებულია საქართველოში მოქმედ რომელიმე სახელოვნებო ან სახელოვნებო-საგანმანათლებლო ორგანიზაციასთან საზღვარგარეთ სწავლის შემდგომ დასაქმების თაობაზე“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მონაწილეთა საკონკურსო განაცხადების მიღება 9 აგვისტოს, 12:00 საათამდე სამინისტროშია შესაძლებელი (თბილისი, სანაპიროს ქ. №4, ნაბეჭდი სახით, ან სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით - info @culture. gov. ge, ელექტრონული დოკუმენტის სახით). დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ სამინისტროს ცხელ ხაზზე (ტელ.: 032 2 022229, 599 02 01 98).

 

კვირის ამბები