ახალი კორონავირუსის ინფექციის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების პერიოდში, საქართველოს ყველა მოქალაქეს საშუალება აქვს „lit.ge”-ის ელექტრონული წიგნებით უფასოდ ისარგებლოს.
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროსა და ელექტრონული წიგნების ინტერნეტ-მაღაზია- „lit.ge”-ის აქტიური თანამშრომლობით, მიღწეულია შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეებს „პალიტრა L“-ისა და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ 2093 ელექტრონულ წიგნზე ერთი თვის განმავლობაში უფასო წვდომა ექნებათ.
,,არსებული ვითარებისა და გლობალური სიტუაციის გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესს შორის თანამშრომლობა, სოლიდარული ურთიერთობა. სამაგალითოა ის სოციალური პასუხისმგებლობა, რაც ამ კომპანიებმა გამოიჩინეს საზოგადოების მიმართ და ხელმისაწვდომი გახადეს ელექტრონული რესურსები – მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურა ნებისმიერი ასაკის მკითხველისთვის”, – განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ.
მისი განცხადებით, გახანგრძლივებული არდადეგების განმავლობაში, მოსწავლეებს ექნებათ საშუალება, ეს დრო მხატვრული ლიტერატურის კითხვისთვის გამოიყენონ.
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ცალკე პორტალი შეიქმნა, სადაც განთავსებულია ყველა სახელმძღვანელო და დამხმარე რესურსები, რომლით სარგებლობაც, არდადეგების პერიოდში, უფასო იქნება.