კურსდამთავრებულები საჯარო უწყებებში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საჯარო უწყებებში ანაზღაურებად სტაჟირებაზე კონკურსი ცხადდება და კურსდამთავრებულებს განაცხადების წარდგენა 2-დან 8 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ.
„კონკურსში მონაწილეობის მსურველთა შერჩევის მთავარი კრიტერიუმი აკადემიური მოსწრება იქნება. უწყებებმა, სპეციფიკის შესაბამისად, განსაზღვრეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება - საბუთების გადარჩევა და გასაუბრება. მთლიანობაში, 3000-მდე კურსდამთავრებული მიიღებს ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის შესაძლებლობას საჯარო სტრუქტურებში, რაც მათთვის კარიერული წინსვლის მნიშვნელოვან საფუძველს შექმნის. ისინი გაეცნობიან საჯარო სამსახურის სისტემის ფუნქციონირებას, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მომავალში მათ კარიერულ წინსვლას და განვითარებას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.