ატენში, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკავებული 31 წლის ბრალდებულს, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორს, ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარდგენია. ადვოკატის ინფორმაციით, საქმის მასალების გაცნობამდე, დეტალებსა და იმაზე, ეთანხმება თუ არა ბრალს, ვერაფერს იტყვის.
,,ჩემი დაცვის ქვეშს მყოფთან შეხვედრის შესაძლებლობა მქონდა, ვესაუბრე, თუმცა, გეტყვით, რომ მას ბრალი ოფიციალურად წარდგენილი ჯერ არ აქვს და შესაბამისად, დეტალებზე და იმაზე, აღიარებს თუ არა ბრალს, ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით“, - განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა რევაზ რევაზიშვილმა.
ცნობისთვის, შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში 29 ივლისს გვიან საღამოს მოხდა. უწყების ინფორმაციით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 1993 წელს დაბადებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავეს.
,,გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 29 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, ბრალდებულმა თავის და სხეულის სხვადასხვა არეში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა ამავე სოფელში მცხოვრებ დაზარალებულს. მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, 2024 წლის 31 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის დააკავა. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელიც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა.
რაც შეეხება დაშავებული 51 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობას, დრომდე კრიტიკულად მძიმეა და ჩატარებული ნეიროქირურგიული ოპერაციის შემდგომ, შესაბამისი მკურნალობა და ინტენსიური თერაპია უგრძელდება ზოგადრეანიმაციულ განყოფილებაში.