საზოგადოება
01.08.2024 12:45
ატენში მომხდარი დანაშაულებრივი ფაქტის დროს დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია

სოფელ ატენში 29 ივლისს საღამოს საათებში მომხდარი დანაშაულებრივი ფაქტის დროს დაშავებული 51 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა.

გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის რეანიმაცია-ანესთეზიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელის ზურაბ ნადირაშვილის ინფორმაციით, პაციენტს უგრძელდება შესაბამისი მკურნალობა და ინტენსიური თერაპია ზოგადრეანიმაციულ განყოფილებაში.

,,მამაკაცი შემოყვანილია სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ 30 ივლისს მძიმე მდგომარეობაში. ჩატარებული კვლევებით გამოვლინდა თავის ტვინის ტრავმული დაზიანებატრავმული სუბდურული სისხლჩაქცევა, ასევე თავის ტვინის ჰემორაგიული დაჟეჟილობა და ქალა-სარქვლის მოტეხილობა თავის ტვინის შეშუპება ცდომით. სასიცოცხლო ჩვენებით ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია და გადმოყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკული, უგრძელდება შესაბამისი მკურნალობა და ინტენსიური თერაპია ზოგადრეანიმაციულ განყოფილებაში“, - განაცხადა ზურაბ ნადირაშვილმა.

ინფორმაციისთვის, შემთხვევა სოფელ ატენში 29 ივლისს გვიან საღამოს მოხდა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 1993 წელს დაბადებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავეს.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 29 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, ბრალდებულმა თავის და სხეულის სხვადასხვა არეში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა ამავე სოფელში მცხოვრებ დაზარალებულს. მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, 2024 წლის 31 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის დააკავა. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელიც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა.

 

კვირის ამბები