სოფელ ატენში მომხდარი დანაშაულის დროს დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, პაციენტს მკურნალობა სამხედრო ჰოსპიტლის რეანიმაციულ განყოფილებაში უტარდება.
ჰოსპიტლის ინფორმაციით, პაციენტს კლინიკაში შეყვანისას აღენიშნებოდა თავის ქალის ძვლების მოტეხილობა, ტრავმული ჰემორაგია, ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია. მისი ჯანმრთელობის მდგომარება ამ დრომდე არის კრიტიკულად მძიმე.
ცნობისთვის, აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა განცხადება გაავრცელა.
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 1993 წელს დაბადებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავეს.
,,გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 29 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, ბრალდებულმა თავის და სხეულის სხვადასხვა არეში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა ამავე სოფელში მცხოვრებ დაზარალებულს. მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, 2024 წლის 31 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის დააკავა. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
თანასოფლელების ინფორმაციით, დაზარალებული ატენში მცხოვრები რეზო ბარჯაძეა, ასევე ატენის მკვიდრია ბრალდებულიც.