გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე წარდგენილ კანდიდატებთან შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიება იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის ეზოში ჩატარდა.
როგორც „გორის მაცნესთან“ საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა გიორგი ბერძნიშვილმა აღნიშნა, მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე მუნიციპალიტეტიდან 21 პედაგოგია წარდგენილი, რომელთაგან ოცი - საჯარო, ხოლო ერთი კერძო სკოლის მასწავლებელია.
„მასწავლებლის ეროვნული პრემია ყოველწლიურად საზოგადოების და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემათ. ვარიანში გამართული ღონისძიების მიზანს კი გორის მუნიციპალიტეტში მომუშავე პედაგოგების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა წარმოადგენდა“, - „გორის მაცნესთან“ აღნიშნა გიორგი ბერძნიშვილმა.
ვარიანში გამართულ ღონისძიებაზე პედაგოგებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
შეხვედრას გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი სოსიაშვილი, შიდა ქართლის რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში მასწავლებლის ეროვნული დღე დაწესდა, რომელიც ყოველი წლის 27 ოქტომბერს - ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლის და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.
გასულ წელს პრემია შიდაქართლელ პედაგოგს, ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელს - მედეია ტრამაკიძეს გადაეცა.