საზოგადოება
31.07.2024 11:13
ვუერთდებით საერთო აღშფოთებასა და გულისტკივილს, გამოწვეულს მკრეხელური დადგმებით - საპატრიარქო ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქომ ოლიმპიადის გახსნის ცერემონიასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

საპატრიარქო წუხილს გამოთქვამს საფრანგეთში ოლიმპიადის გახსნის დროს ნაჩვენები გარკვეული სცენების მკრეხელური დადგმების გამო.

,,დიდად ვწუხვართ საფრანგეთში ოლიმპიადის გახსნის დროს ნაჩვენები გარკვეული სცენების გამო და ვეთანხმებით მსოფლიო საპატრიარქოს განცხადებას, სადაც, სხვა მნიშვნელოვან აქცენტებთან ერთად, აღნიშნულია შემდეგი: ,,ძალიან სამწუხაროა, რომ… პარიზში, ჩვენ მოწმენი გავხდით ქრისტიანობისა და წმინდა სახარების შეურაცხმყოფელი წარმოდგენებისა, რაც, ასევე, შეურაცხყოფდა ყველა ცივილიზებულ ადამიანს, რომელიც აღიარებს რწმენის უფლებას და პატივს სცემს რელიგიურ სიმბოლოებს“. ჩვენც, ჩვენის მხრივ, ვუერთდებით საერთო აღშფოთებასა და გულისტკივილს, გამოწვეულს მკრეხელური დადგმებით, რამაც საზეიმო გახსნა ზოგადადამიანური ღირსების შეურაცხყოფად და ლგბტ+ იდეოლოგიის პროპაგანდად აქცია“, - აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, ოლიმპიური თამაშების გახნის ცერემონიაზე ნაჩვენები გარკვეული სცენების გამო, აღშფოთება გამოხატა მსოფლიო საპატრიარქომაც.

შეგახსენებთ, პარიზში 2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია 26 ივლისს გაიმართა.

ცერემონია მდინარე სენას გასწვრივ, აუსტერლიცის ხიდიდან დაიწყო და ეიფელის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულდა.

კვირის ამბები