ამომრჩეველთა ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში, საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების პროექტი დასრულდა.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებულ კენჭისყრაში მონაწილეობის მიზნით, საქართველოს მასშტაბით 65 321 ამომრჩეველი დარეგისტრირდა, იმიტირებულ კენჭისყრაში კი მონაწილეობა 43 864-მა ამომრჩეველმა მიიღო (67,15 %).
„პროექტი 6 ივლისიდან დაიწყო და მისი მიზანი საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და ხმის მიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება იყო. ამომრჩევლები პირადად ეცნობოდნენ ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას. პროექტი ქვეყნის მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში, თბილისსა და რეგიონებში მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებში მდებარე წინასწარ განსაზღვრულ 89 ლოკაციაზე განხორციელდა. პროექტი როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს ითვალისწინებდა და პასუხობს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) რეკომენდაციას საარჩევნო ტექნოლოგიების ეროვნული მასშტაბით ტესტირების შესახებ“, - აცხადებენ ცესკოში.
ცესკოს განმარტებით, საარჩევნო ადმინისტრაცია ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებულ აქტივობებს და პროექტებს არჩევნებამდე კიდევ რამდენიმე ეტაპად რეგულარულად განახორციელებს. ადმინისტრაცია გეგმავს აქტიურ ინფორმირების კამპანიას ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. ასევე, სექტემბერში, ყველა მუნიციპალიტეტში იგეგმება სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრები არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების და სადამკვირვებლო ორგანიზაციების პოტენციური წარმომადგენლებისთვის.
შეგახსენებთ, საქართველოში განხორციელებული საარჩევნო რეფორმის შედეგად, პარლამენტის მორიგი და ყველა შემდგომი არჩევნები საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება.
26 ოქტომბერს ამომრჩეველთა თითქმის 90% საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას.