გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მაგისტრატურის პროგრამის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა 36-მა მსმენელმა წარმატებით დაასრულა და მაგისტრატურის VI გამოშვების საზეიმო ცერემონია მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.
კურსდამთავრებულებს სამაგისტრო პროგრამის წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ მიულოცა და კარიერულ წინსვლაში წარმატება უსურვა. კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს, ასევე, ეროვნული აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ და მაგისტრატურის ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი არაბულმა.
ღონისძიებაზე აკადემიის მაგისტრატურაში დანერგილ სიახლეზეც ისაუბრეს. კერძოდ, ახალი სასწავლო წლიდან აკადემიის სამაგისტრო პროგრამებზე იმ სამოქალაქო პირებსაც შეეძლებათ სწავლა, რომელთა საქმიანობაც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსთან არ არის დაკავშირებული.
აკადემია მსმენელებს სამ სამაგისტრო პროგრამას სთავაზობს: თავდაცვის ანალიზი, უსაფრთხოების კვლევები და სახელმწიფო რესურსების მართვა.