საზოგადოება
29.07.2024 12:35
პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთების წარდგენის ვადა გაგრძელდა

2024 წლის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთების წარდგენის ვადა გაგრძელდა.

კონკურსის ორგანიზატორების ინფორმაციით, წლევანდელი ჯილდოს საკონკურსო კატეგორიებია: პროფესიული განათლების პროგრამა; პროფესიული განათლების მასწავლებელი; პროფესიული განათლების სტუდენტი და პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი.

„პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს ყოველწლიური კონკურსი 2017 წლიდან იმართება და მისი მიზანია პროფესიული განათლების, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტის განვითარება და პოპულარიზაცია.

ჯილდოს გენერალური სპონსორი გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდია. კონკურსის მხარდამჭერი - საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო.

რაც შეეხება პრიზებს, სპეციალური ჯილდოები გაიცემა საქართველოს პარლამენტის, პროფესიული უნარების სააგენტოს, საქართველოში ისრაელის საელჩოს და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ“, - ნათქვამია კონკურსის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

განაცხადების წარდგენა 20 სექტემბერამდეა შესაძლებელი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის უნდა დარეკონ ნომერზე: 591 21 82 82 (ნინო ჯაფარიძე).

კვირის ამბები