საზოგადოება
26.07.2024 12:54
სოფელ ქვახვრელში ორი კვირის წინ გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი მაშველებმა მდინარე მტკვარში იპოვეს

ორი კვირის წინ, სოფელ ქვახვრელში დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი მაშველებმა მდინარე მტკვარში იპოვეს.

გიორგი ჯანეზაშვილი სოფელ ქვახვრელის მიმდებარედ, მდინარესთან 13 ივლისს გაუჩინარდა, თანასოფლელები და ახლობლები ვარაუდობდნენ, რომ ჯანეზაშვილი მდინარეში შესვლისას დაიხრჩო.

მამაკაცის გაუჩინარებიდან ინტენსიურად მიმდინარეობდა ძებნა-შველის ოპერაცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ყველა საჭირო ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოყენებით, სახანძრო-სამაშველო ძალების თანამშრომლები ინტენსიურ რეჟიმში ატარებდნენ ძებნა-შველის ოპერაციას, რაც როგორც მდინარის ზედაპირისა და ფსკერის მონიტორინგს, ასევე სანაპირო ზოლის პერიმეტრის მონიტორინგს მოიცავდა.

მაშველებმა ცხედარი კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ მეტეხის სიახლოვეს, მდინარეში იპოვეს.

,,გორის მაცნეს“ ინფორმაციით, გიორგი ჯანეზაშვილი დღეს 34 წლის გახდებოდა.

კვირის ამბები