საზოგადოება
13.03.2020 12:23
გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში მოთავსებულ კიდევ 2 პაციენტს კორონავირუსით ინფიცირება არ დაუდასტურდა

თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში გუშინ მოთავსებულ კიდევ 2 პაციენტზე პასუხი უარყოფითია, ანუ არცერთ მათგანს კორონავირუსით ინფიცირება არ დაუდასტურდა. დამატებით, კიდევ 4 საეჭვო შემთხვევაზე ლუგარის ლაბორატორიაში ნიმუშები დღეს გაიგზავნება და პასუხები ხვალისთვის გახდება ცნობილი.

გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის, დავით ბარლიანის ინფორმაციით, ამ დროისთვის, გორის საკარანტინო სივრცეში 49 პაციენტია მოთავსებული. მათგან 45 საქართველოს მოქალაქეა, 4 კი - სხვა ქვეყნის მოქალაქე.

ბარლიანის განცხადებითვე, ჰოსპიტალში მოთავსებული ყველა პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, გართულებები არ ფიქსირდება და შესაბამისად,  განსაკუთრებული ჩარევის საჭიროება დღის წესრიგში არ დგას.

გორის ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში მოთავსებულ ყველა პაციენტს იტალიაში მოგზაურობის ისტორია აქვს ან რისკჯგუფში მყოფი ქვეყნებიდან დაბრუნებულ პირებთან კონტაქტში იმყოფებოდნენ.

1-ლი მარტიდან დღემდე, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მთავსებული პაციენტებიდან საკარანტინო სივრცე 8 პირმა დატოვა.

კვირის ამბები