სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები, ბრუცელოზის გავრცელების პრევენციის მიზნით, მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ვაქცინაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ. აცრების პარალელურად, ცხოველში დაავადების გამოვლენის და გავრცელების პრევენციის მიზნით, ასევე ბრუცელოზის სერომონიტორინგიც მიმდინარეობს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, დაავადების ფაქტის დადასტურებისას პირუტყვი ექვემდებარება სავალდებულო დაკვლას აღიარების მქონე სასაკლაოზე (სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირის ზედამხედველობით და სანიტარიული ნორმების სრული დაცვით). პარალელურად, ცხოველთა სადგომებსა და სასაკლაოებში უნდა ჩატარდეს დეზინფექციის სამუშაოები.
„ბრუცელოზი ქრონიკულად მიმდინარე ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდება მრავალი სახეობის ცხოველი და ადამიანი. დაავადება ვრცელდება ინფიცირებულ ცხოველთან კონტაქტის ან/და მისგან მიღებული პროდუქტის, განსაკუთრებით რძის გამოყენებით. ბრუცელოზის აღმძვრელის ინაქტივირება შესაძლებელია რძის ადუღებით ან პასტერიზებით. უსაფრთხოების მიზნით, მოსახლეობამ არ უნდა მიიღოს უმი ან არაპასტერიზებული რძე და რძის პროდუქტები.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, ბრუცელოზის საწინააღმდეგოდ ვაქცინირებულია 130 000 სული მსხვილფეხა და 54 000 სული წვრილფეხა საქონელი“, - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.