საზოგადოება
23.07.2024 12:48
ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის ფორმატში, რიგით 120-ე შეხვედრა მიმდინარეობს

სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 120-ე შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები დღევანდელ შეხვედრაზე საოკუპაციო ხაზთან ბოლო პერიოდში დაფიქსირებულ ინციდენტებს და საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებს განიხილავენ.

,,დღის წესრიგის მთავარი საკითხი გახლავთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლების საკითხი. როგორც მოგეხსენებათ, დღეის მდგომარეობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში იმყოფება 8 ჩვენი თანამოქალაქე და მთავარი აქცენტი გაკეთდება იმაზე, რომ მათ მიმართ გამოყენებული იქნას ჰუმანიტარული მიდგომა და ისინი დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს.

აქცენტი გაკეთდება ასევე შეხვედრებს შორის დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტზე, როგორც უკანონო დაკავებებზე, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, ასევე უკანონო ე.წ. ბორდერიზაციაზე. შეხვედრებს შორის პერიოდში -16 მაისიდან 22 ივლისამდე, დაფიქსირდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის რვა შემთხვევა. აქედან, მაისში დაფიქსირდა 5 შემთხვევა, 2 - ივნისში და 1 დაფიქსირდა ივლისის თვეში. რაც შეეხება არეალს, ამ პროცესმა მოიცვა გორის და ქარელის მუნიციპალიტეტები და ასევე დუშეთის მუნიციპალიტეტი - გრემისხევის მიმდებარე ტერიტორია. რაც შეეხება აქტივობას, სრული სპექტრით იყო წარმოდგენილი ეს უკანონო აქტივობები, ვგულისხმობ როგორც ადრე აღმართული უკანონო ინსტალაციების განახლებას და შეკეთებას, ასევე ახალი უკანონო ინსტალაციების მონტაჟს, შესაბამისად, ამ საკითხზეც გაკეთდება აქცენტი. ამ პერიოდში ახალი ინსტალაციები დამონტაჟდა გორის და ქარელის მუნიციპალიტეტებში, კერძოდ, ეს არის კოდის მიმართულება და ოკუპირებული წნელისის მიმართულება, სადაც დაფიქსირდა გარკვეული ტიპის აქტივობები. რომ გითხრათ, რომ ეს იყო ძალზე ფართომასშტაბიანი, ეს ასე არ არის, მაგრამ ცენტრალური ხელისუფლების და ჩვენი საერთაშორირისო პარტნიორების პრინციპული პოზიცია გახლავთ ის, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი იქნება დაფიქსირებული ამგვარი შემთხვევა, ვიდრე, თუნდაც, ერთი ფაქტი დაფიქსირდება უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ან უკანონო დაკავების, ეს არის უმძიმესი ინციდენტი“, - აღნიშნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.

მიმდინარე წლის აპრილის ბოლოდან ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი რამაზ ბეღელურისთვის რვათვიანი ე.წ. სასჯელის შეფარდებასთან და ბეღელურის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე ანთაძემ განაცხადა, რომ ამ საკითხზე განმარტებების მოსმენას ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები დღევანდელ შეხვედრაზე ელიან.

,,რამაზ ბეღელურთან დაკავშირებით, ისევე როგორც უკანონო პატიმრობაში მყოფ ყველა ჩვენს თანამოქალაქესთან დაკავშირებით, ,,ცხელი ხაზის“ მეშვეობით კომუნიკაცია არის პერმანენტული, ყოველდღიური და რიგ შემთხვევებში - დღეში რამდენჯერმე, პროცესს თვალს ადევნებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რაც შეეხება რამაზ ბეღელურის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჯანმრთელობის სტატუსი ყოველთვის მოწმდება, ბოლოს მიღებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებებლი, რაც შეეხება უკანონო ე.წ. სასჯელის შეფარდებას, რა თქმა უნდა, ეს არის უკანონო ქმედება და ამ საკითხზე განმარტებების მოსმენას ველით დღევანდელ შეხვედრაზე“, - განაცხადა ანთაძემ.

კვირის ამბები