სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება და მოსწავლეები სავალდებულო განათლებას 10 კლასის ჩათვლით მიიღებენ, - საქართველოს პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები რიგგარეშე სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცა.
მიღებული კანონის მიხედვით, საქართველოში ზოგადი განათლების სამი საფეხური შემდეგნაირად განისაზღვრება: - დაწყებითი (6 წელი - I-VI კლასები), საბაზო (4 წელი - VII-X კლასები) და საშუალო (2 წელი - XI-XII კლასები).
აღნიშნული ცვლილების შესაბამისად, საბაზო საფეხური 1 წლით იზრდება და 4 წლიანი ხდება, ხოლო სამწლიანი საშუალო განათლება მცირდება 2 წლამდე ისე, რომ სრული ზოგადი განათლება კვლავ 12-წლიანი რჩება.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, საკმაოდ მაღალია იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებიც სკოლას მე-9 კლასის დასრულების შემდეგ ტოვებენ, ხოლო მათი შრომის ბაზარზე დასაქმების პერსპექტივა ძალიან დაბალია 9 კლასის დამთავრებით მიღებული ცოდნიდან და ასაკიდან გამომდინარე (ვინაიდან სკოლაში შესვლის ასაკი 6 წელია, ხოლო „შრომის კოდექსის“ თანახმად, ფიზიკური პირის შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა 16 წლიდან).
უწყება ყურადღებას იმაზეც ამახვილებს, რომ მატულობს მოზარდების ისეთი რისკების წინაშე დადგომის ალბათობა, როგორიცაა ბავშვთა ქორწინება, ასაკის შეუსაბამო დასაქმება, ტრეფიკინგი, კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში მოხვედრა და სხვა.
„საბაზო საფეხურის გაზრდით მოსწავლეები უფრო მომზადებულები იქნებიან იმისთვის, რომ მეტად გააზრებული გადაწყვეტილება მიიღონ - განაგრძონ სწავლა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, თუ პროფესიულ სასწავლებელში. ამასთან, უწყების შეფასებით, თუ მოსწავლე სწავლის შეწყვეტას გადაწყვეტს, ის 15-16 წლის იქნება, ოთხწლიანი საბაზო საფეხურის პროგრამა კი უზრუნველყოფს უფრო მეტად მომზადებული ახალგაზრდის შრომის ბაზარზე გასვლას“, - განმარტავენ სამინისტროში.