საზოგადოება
12.03.2020 17:49
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, ყველა პრევენციული ღონისძიება ტარდება - ,,გორმედის“ ქსელის დირექტორი

პირველი მარტიდან, მას შემდეგ, რაც თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალი საკარანტინო ზონად გამოცხადდა, პაციენტების ნაკადი რეგიონში მოქმედ სხვა კლინიკებს მიმართავს. გორში, მრავალპროფილურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებას მხოლოდ ,,გორმედი“ უზრუნველყოფს.

სამედიცინო ქსელის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, ყველა პრევენციული ღონისძიება ტარდება, განსაკუთრებული ყურადღება კი მახვილდება დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ ,,იავნანაზე“, სადაც სხვა სერვისების პარალელურად, სამშობიარო და ბავშვთა სტაციონარიც მოქმედებს.

,,ერთ-ერთი პირველი ამოცანა გახლავთ ის, რომ მაქსიმალურად დროულად გამოვავლინოთ შემთხვევა, თუ ასეთი იქნება, თუ ასეთმა პაციენტმა მომართა კლინიკას. ,,გორმედის“ ქსელში შემავალ კლინიკებში უკვე გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები და დავიწყეთ მოქმედება.

განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ ,,იავნანაზე“, სადაც, სხვა სერვისების პარალელურად, სამშობიარო და ბავშვთა სტაციონარიც მოქმედებს.

,,იავნანა“-ში, პაციენტების მნახველების დაშვება ხდება სპეციალური რეგულაციების დაცვით - სხეულის ტემპერატურის შემოწმების, სადეზინფექციო ხსნარით ხელების დამუშავების და სპეციალური აღჭურვილობის გამოყენების (დამცავი პირბადე) საფუძველზე, რაც იმის პრევენციაა, რომ კლინიკაში არ მოხვდეს ინფექცია. დაცულია ჰიგიენის ყველა ნორმა, რეკომენდირებულად, ინტენსიურ რეჟიმში ხდება სველი წესით დამუშავება.

კლინიკის ვიზიტორებთან პირველ შემხვედრებს რაც შეეხება, ეს გახლავთ რეგისტრატორები, უსაფრთხოების თანამშრომლები, ტრიაჟის ოთახის სპეციალისტები - ყველა მათგანს მიცემული აქვს კონკრეტული რეკომენდაცია და   ანამნეზის დონეზე ხდება თითოეული ვიზიტორის კვლევა. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შემთხვევა არ გამოგვეპაროს.

მაგალითად, თუ ადამიანს სიცხე აღმოაჩნდა და ანამნეზით გამოიკვეთა, რომ ახალი დაბრუნებულია მოგზაურობიდან ან რისკჯგუფის წარმომადგენელთან კონტაქტში იმყოფებოდა, ხდება შესაბამისი ღონისძიებების გატარება  იმ რეკომენდაციების მიხედვით, რაც მოწოდებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ.

ძალზე მნიშვნელოვანია რეკომენდაციების გათვალისწინება - შევინარჩუნოთ სიმშვიდე, დავიცვათ პირადი ჰიგიენა, თავი ავარიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, გამოვიყენოთ დამცავი საშუალებები, ხშირად დავიბანოთ ხელები და რაც შეიძლება ნაკლები კონტაქტი ვიქონიოთ ხელებით პირის ღრუსთან, ცხვირთან და თვალებთან“,- განაცხადა ვასილ ჭეიშვილმა.

 

კვირის ამბები