საქართველოში B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო - პაციენტები პროგრამით უფასოდ ისარგებლებენ.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის პირველ ეტაპზე პაციენტები B ჰეპატიტზე ტესტირებას და დიაგნოსტიკას გაივლიან. მკურნალობას კი სექტემბრიდან დაიწყებენ.
უწყების ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს მხრიდან სრულად ანაზღაურდება პაციენტების სკრინინგი, მკურნალობაში ჩასართავად და მკურნალობის მონიტორინგისთვის საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები, ასევე, ბენეფიციარებს უსასყიდლოდ გადაეცემათ B ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები.
„პროგრამის მოსარგებლეებად განისაზღვრებიან პირები ქრონიკული HBV ინფექციით, აგრეთვე, პირები, რომლებსაც დადგენილი აქვთ ქრონიკული B ჰეპატიტის დიაგნოზი და უკვე იმყოფებიან ანტივირუსულ მკურნალობაზე. პროგრამაში პაციენტების ჩართვა განხორციელდება კომისიური წესით. B ჰეპატიტის მქონე იმ პირებისთვის, რომლებსაც კლინიკურად, ამ ეტაპზე, არ ესაჭიროებათ მკურნალობა, პროგრამით გათვალისწინებულია განმეორებითი დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება ექიმის დანიშნულების შესაბამისად, 12 თვეში ერთხელ“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება მკურნალობას, სერვისების მისაღებად მოქალაქემ უნდა მიმართოს პროგრამის მიმწოდებელ დაწესებულებებს. ქვეყნის მასშტაბით პროგრამაში 15-მდე სამედიცინო დაწესებულებაა ჩართული და როგორც უწყებაში აცხადებენ, სერვისის მიმწოდებლების რიცხვი ეტაპობრივად გაიზრდება.
შიდა ქართლში B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულება გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალია, სადაც უკვე დაწყებულია პაციენტების ტესტირება.