საზოგადოება
17.07.2024 14:09
საქართველოს მთავრობა ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულებს და პრიზიორებს ფულად ჯილდოს გადასცემს

საქართველოს მთავრობა თითოეულ ოლიმპიურ ჩემპიონს და პრიზიორს ფულად ჯილდოს გადასცემს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ოლიმპიელების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თითოეულ ოლიმპიურ ჩემპიონს - მილიონი, ვერცხლის მედალოსანს - ნახევარი მილიონი, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორს 250 ათასი ლარი გადაეცემა.

ირაკლი კობახიძემ სპორტსმენებს, მწვრთნელებს და ოლიმპიური გუნდის თითოეულ წევრს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებები უსურვა.

„ჩვენთვის განმსაზღვრელი, მთავარი არის რაც შეიძლება მეტი წარმატება ოლიმპიურ თამაშებზე, რაც შეიძლება მეტი ჩემპიონი, რაც შეიძლება მეტი მედალი. დარწმუნებული ვარ, პარიზის ოლიმპიური თამაშები ჩვენი გუნდისთვის ამ თვალსაზრისით აბსოლუტურად გამორჩეული იქნება. თითოეული აფრიალებული დროშა, აჟღერებული ჰიმნი არის განსაკუთრებული სიამაყის მიზეზი თითოეული ჩვენგანისთვის“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით პარიზი ზაფხულის XXXIII ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს. მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებაზე საქართველოს ღირსებას 28 სპორტსმენი დაიცავს. გორელთაგან შეჯიბრში ძიუდოისტები - ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი და ეთერ ასკილაშვილი, ასევე, თავისუფალი სტილით მოჭიდავეები - გენო პეტრიაშვილი და გოდერძი ძებისაშვილი იასპარეზებენ.

კვირის ამბები