ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „მაჩაბელი“ დღეს, 17 ივლისს გაიხსნება. საზეიმო ღონისძიება გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში 13:00 საათზე დაიწყება.
ფესტივალის გახსნის ცერემონიას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, პარლამენტის წევრი გიორგი სოსიაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ნიქოზის და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია) დაესწრებიან.
სამი დღის განმავლობაში - 17-18-19 ივლისს გორის უნივერსიტეტში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. მათ შორის, შეხვედრები ქართველ და უცხოელ ხელოვანებთან, კინოპროდიუსერებთან და რეჟისორებთან, მოეწყობა ფოტოგამოფენა, გაიმართება, ასევე, მასტერკლასები ფოტოგრაფიაში, დიზაინში, ფილმების განხილვა და ა. შ. ფესტივალის გახსნის საზეიმო ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს ბენდი „კანუდოსი“ და ჩელისტი დეა ხეოშვილი.
ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, ღონისძიების მიზანია, ხელი შეუწყოს, როგორც ქვეყნის, ისე საერთაშორისო მასშტაბით ფოტოგრაფიისა და ფოტო ხელოვნების მიმართ ინტერესის გაღვივებას, მხატვრობაში ახალი სახეების აღმოჩენას, ახალგაზრდობის ჩართულობას და მათ შემოქმედებით გააქტიურებას. პროექტი, ასევე, ემსახურება ხელოვნების დარგების პოპულარიზაციის გზით მრავალფეროვანი გახადოს საოკუპაციო ხაზთან არსებული რეგიონის კულტურულ-შემოქმედებითი ცხოვრება და გაიზარდოს ქვეყნის ცნობადობა.
შეგახსენებთ, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „მაჩაბელი“ წელს მეოთხედ იმართება.