საკონცენტრაციო ბანაკებს შორის ბუხენვალდი გამორჩეული იყო სისასტიკით.
ბანაკს, რომელიც 1937 წელს შეიქმნა გერმანიაში, ვაიმარის მახლობლად, უამრავი ადამიანის საშინელ წამებსა და სიკვდილს უკავშირდება.
8 წლის მანძილზე, 1937-დან 1945 წლის ბოლომდე, ბუხენვალდის პატიმარი იყო 239 000 ადამიანი, თავდაპირველად - გერმანელი ანტიფაშისტები, მეორე მსოფლიო ომის წლებში კი, სხვადასხვა ეროვნების სამხედრო მოსამსახურეები თუ სამოქალაქო ტყვეები.
არაადამიანურმა პირობებმა - შიმშილმა, მძიმე შრომამ, ცემამ და წამებამ მასობრივი სიკვდილიანობა გამოიწვია. განსაკუთრებით რთული მდგომარეობა იყო ბუხენვალდის ე.წ. ფილიალ „დორში“, სადაც თვითმფრინავ-ჭურვებს („ფაუ“) ამზადებდნენ (სულ ბუხენვალდის 60 ფილიალი არსებობდა)
10 000-მდე ადამიანი, მათ შორის 8 500 საბჭოთა სამხედრო ტყვე, ბუხენვალდში სიკვდილით დასაჯეს, სხვები კი არაადამიანური მოპყრობის გამო იღუპებოდნენ. არსებული სტატისტიკით, სულ დაიღუპა 18 ეროვნების 56 000 პატიმარი.
1945 წლის 11 აპრილს, მას შემდეგ, რაც საკონცენტრაციო ბანაკს მოკავშირეების ჯარები მიუხალოვდნენ, ტყვეებმა ამბოხი მოაწყვეს და კონტროლი დაამყარეს ნაცისტ ჯარისკაცებზე.
1958 წელს, ბუხენვალდის მსხვერპლთა და გმირების უკვდავსაყოფად, ბუხენვალდში მემორიალურ ნაგებობათა კომპლექსი გაიხსნა.
ის ადამიანები, რომლებმაც ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკს თავი დააღწიეს, საშინელ და ენითაუწერელი წამების ამბებს ჰყვებოდნენ, ერთ-ერთი, ვინც ბუხენვალდის საშინელებას ცოცხალი გადაურჩა, გორელი ნიკოლოზ ჯავახიშვილი იყო.
მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, ახალგაზრდა გორელი ბიჭი ქალაქ კიროვობადის სამხედრო-საავიაციო სასწავლებელში სწავლობდა, რომლის დამთავრების შემდეგაც იქვე დაუტოვებიათ ინსტრუქტორად და მალე ომიც დაიწყო. ნიკოლოზ ჯავახიშვილი 50-ე ღამის პოლკში ჩაურიცხავთ, მალე კი ეს პოლკი 277-ე ავიაპოლკად გადაკეთებულა და საბრძოლო მოქმედებებში ჩართულა.
1943 წლის 23 სექტემბერს, გერმანელებს ერთ-ერთი სწორედ ის თვითმფრინავი დაუზიანებიათ, რომლის ეკიპაჟის წევრიც ნიკოლოზ ჯავახიშვილი იყო და გორელი მფრინავი თანამებრძოლებთან ერთად ტყვედ აუყვანიათ, თუმცა, ტყვეობიდან მალევე გაქცეულა და ქალაქ კრაპოტკინის სადგურის სიახლოვეს მცხოვრებ ერთ მოხუცს შეუფარებია. სამწუხაროდ, ეს ერთადერთი ტყვეობა არ ყოფილა კოლა ჯავახიშვილისთვის ომის წლებში - რამდენიმე გაქცევა და ამდენივე დაკავება, ხშირად - თანამებრძოლების მხრიდან გაცემის საფუძველზე. მეტიც, ჯავახიშვილის ერთ-ერთი დაკავება ესესელების (ფაშისტური გერმანიის მცველი რაზმების ან არმიის სპეციალური ნაწილების მოსამსახურეები) რიგებში ჩამდგარი ქართველების ხელით მომხდარა.
ჯავახიშვილის ბოლო დაკავება - გზა ბუხენვალდისკენ იყო, ბუხენვალდის ტყვეთა ბანაკისკენ, რომელიც არაადამიანურ წამებასთან ასოცირდებოდა.
ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკი განლაგებული იყო ქალაქ ვეიმარის ჩრდილოეთით, ტიურინგიაში, გერმანიის ცენტრალურ ნაწილში, ბერლინის სამხრეთ-დასავლეთით. ომის დროს დატყვევებულთა პირველი ნაწილი - სამასი ადამიანი 1941 წლის 16 სექტემბერს მიიყვანეს ბუხენვალდში, მალევე, 18 ოქტომბერს - კიდევ 2 000 კაცი. პირველი ტყვეები საბჭოთა ჯარის მეომრები და მეთაურები იყვნენ, თითქმის ყველა მათგანი დახვრიტეს.
1942 წლის შემოდგომიდან კი, სამხედროებთან ერთად, ბუხენვალდში სამოქალაქო პირებიც მიჰყავდათ, მათ შორის - ქალები, ბავშვები, მოხუცები.
ტყვეთა უმრავლესობას ქვის სატეხ საბადოებსა და სხვა მძიმე სამუშაოებზე ამუშავებდნენ, ხშირად, მძიმეტვირთიან საზიდრებში ცხენების ნაცვლად აბამდნენ, დაუძლურებულებს კი სახელდახელოდ მოწყობილ კრემატორიუმში წვავდნენ. ამასთან, წელიწადში რამდენჯერმე, მათი თანხმობის გარეშე ართმევდნენ სადონორო სისხლს.
ერთ-ერთი, ვინც ბუხენვალდში ყველაზე უფრო სისტაკით გამოირჩეოდა, საკონცენტრაციო ბანაკის კომენდანტის - კარლ ოტო კოხის ცოლი - ილზა კოხი იყო. 35 წლის ქალი, რომელიც ადრე ბიბლიოთეკარად მუშაობდა, წარმოუდგენელი სისატიკით გამოირჩეოდა, რის გამოც მას ,,ბუხენვალდელ ჯადოქარს“ უწოდებდნენ. სწორედ ილზა იყო ის ჯალათი, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორიაზე განუზომელი ძალაუფლებით სარგებლობდა და ტყვეების ტყავისგან აბაჟურებს, საფულეებს, წიგნების ყდებს ამზადებდა, ადამიანის თითების ძვლებისგან კი ელნათურების ჩამრთველ ღილაკებს აკეთებდა.
ხშირად, ბუხენვალდიდან პატიმრები ოსვცენციმში გადაჰყავდათ - პოლონეთის ტერიტორიაზე გერმანელების მიერ აგებულ საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც ტყვეებს გაზის კამერებში ხოცავდნენ (როდესაც ოსვენციმი გერმანელმა ჯარისკაცებმა დაიკავეს, ქალაქს აუშვიცი დაარქვეს დაჰაინრიხ ჰიმლერის უშუალო ბრძანებით დაიწყო საკონცენტრაციო ბანაკის მშენებლობა).
როდესაც საკონცენტრაციო ბანაკებში დივერსიული მოძრაობა გაჩაღდა, ანტიფაშისტურ მუშაობაში არაერთი ტყვე ჩართულა ფარულად, მათ შორის იყვნენ ქართველებიც. ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტი, სადაც ძალზე მნიშვნელოვანი იყო დივერსიული მოძრაობის წარმოება, ის სამხედრო ქალაქები იყო, სადაც ავიაციის, ქვემეხების, შაშხანების დეტალებს, ნახევრადავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღებს, ასევე ნაღმის ჩასაწყობ ყუთებს უშვებდნენ. სამხედრო ქალაქში ფარულად მოქმედი დივერსიული ჯგუფის წევრი იყო გორელი ნიკოლოზ ჯავახიშვილი.
სამხედრო ბანაკებში ფარულადმოქმედი დივერსიული ჯგუფების დამსახურებით, იარაღების მექანიზმების უმრავლესობა სასტენდო გამოცდისას მუშაობდა, თუმცა მალევე გამოდიოდა მწყობრიდან და უვარგისი ხდებოდა - აზიანებდნენ ჩარხებს, სამიზნე სარკეებს, იარაღის საწმედ ზეთში ფარულად მარილმჟავას ურევდნენ, არასწორად ადუღებდნენ ცალკეულ დეტალებს...
ამასთან, პატიმრებს ფარულად გამოჰქონდათ საამქროებიდან იარაღების თითოეული დეტალი, ღამით კი ჩუმად კრებდნენ, აწყობდნენ და იარაღებს მალავდნენ, ასე მოაგროვეს შეთქმულებმა საკმაო რაოდენობის იარაღი.
1945 წლის 11 აპრილს, 3:15 საათზე, იატაკქვეშა ანტიფაშისტური მოძრაობის ხელმძღვანელობამ გადამწყვეტი ბრძოლის დაწყების ბრძანება გასცა, დაიწყო გადამალული იარაღის განაწილება და შემდეგ - შეტევა. საკონცენტრაციო ბანაკების მცველებსა და ესესელებზე შეტევისას, გერმანელმა კომუნისტმა არმინ ვალტერმა, პროფესიით ელექტრიკოსმა, რომელიც ანტიფაშისტური მოძრაობის აქტიური წევრი იყო, საკონცენტრაციო ბანაკის ირგვლივ შემოვლებული მავთულის ბადიდან დენი გათიშა. გაქცეულ ესესელებს გზა მოუჭრეს შემტევმა დანაყოფებმა, რომლის შემადგენლობაშიც შიდა ქართლელი ორი სამხედრო ტყვე იყო - ხაშურელი შოთა ნოზაძე და გორელი ნიკოლოზ ჯავახიშვილი.
ამ დროისთვის, ბუხენვალდის სიკვდილის ბანაკში 21 000 ტყვე იყო.
საკონცენტრაციო ბანაკის აღებიდან ერთ კვირაში, 19 აპრილს, 21 000 ბუხენვალდელი შეიკრიბა, პატივი მიაგო საკონცენტრაციო ბანაკში წამებით მოკლული 56 000 ადამიანის (18 სახელმწიფოს წარმომადგენელი) ხსოვნას და ფიცი დადო, რომ იბრძოლებდნენ მანამდე, ვიდრე უკანასკნელი ფაშისტი დამნაშავე არ წარსდგებოდა სასამართლოს წინაშე.
ბუხენვალდის ანტიფაშისტური მოძრაობის წევრები იყვნენ: ფრანგები, გერმანელები, რუსები, პოლონელები, ქართველები, ჩეხები, სლოვაკები, ესპანელები, იტალიელები, ავსტრიელები, ბელგიელები, ჰოლანდიელები, ინგლისელები, ლუქსემბურგელები, იუგოსლაველები, რუმინელები, უნგრელები...
ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ანტიფაშისტური მოძრაობის აქტიური წევრი ქართველი ახალგაზრდა, რომელიც სიკვდილის ბანაკს გადაურჩა, 1998 წელს მშობლიურ ქალაქ გორში წელს გარდაიცვალა.
ბუხენვალდის გმირის ოჯახი ამჟამადაც გორში ცხოვრობს - შვილი, საუკეთესო პედაგოგი, ფილოლოგი მანანა ჯავახიშვილი {ვაჟიშვილი - მურად ჯავახიშვილი გარდაცვლილია} და შვილიშვილები - ირაკლი და ნიკოლოზ ჯავახიშვილები და მაგდა, ეკა და გიორგი ჯამბრიშვილები.