საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, საჯარო სკოლებში დისტანციური სწავლების საკითხი მეტად აქტუალური ხდება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ნანა ტერმაკოზაშვილი, GMnews-თან საუბრისას აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტის რამდენიმე პედაგოგი ონლაინ პლატფორმას აქამდეც იყენებდა. „ჯერჯერობით, განათლების სამინისტროს, ამ საკითხთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა, გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, ზოგიერთი პედაგოგი აქამდეც აქტიურად იყენებდა microsoft-ის „ონლაინ საკლასო ოთახი“-ის პლატფორმას და, შესაბამისად, მოსწავლეებთან აქამდეც იყო აპრობირებული კომუნიკაციის ამგვარი ფორმა. აღნიშნული პედაგოგები კვლავ აქტიურ რეჟიმში გააგრძელებენ მოსწავლეებთან ონლაინ რეჟიმში ურთიერთობას“.
ერთ-ერთი პედაგოგი, რომელიც მოსწავლეებთან აქამდეც იყენებდა ონლაინ სწავლების მეთოდს, ელენე ბეთლემიშვილია. ის მესამე საჯარო სკოლის პირველი კლასის ხელმძღვანელია. ,,მოსწავლეების განვითარებაზე არდადეგების ხანგრძლივობა ცუდ გავლენას ახდენს, ეს გავლენა კი ყველაზე თვალსაჩინო სწორედ პირველკლასელების შემთხვევაშია, რადგან ამ ასაკის მოსწავლეები, ჯერჯერობით, თვითგანვითარებაზე ორიენტირებულნი არ არიან, ეს გარემოება კი, პედაგოგს მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს. ონლაინ სწავლების მეთოდს სასწავლო პროცესის შეჩერებამდეც, ტრადიციული სწავლების მეთოდის პარალელურადაც ვიყენებდი, თუმცა, საგანგებო მდგომარეობის ხანგრძლივი პერიოდით გაგრძელების შემთხევაში, მხოლოდ ეს მეთოდი საკმარისი არ არის“, - აცხადებს მესამე საჯარო სკოლის პედაგოგი.
ელენე ბეთლემიშვილის თქმით, საჯარო სკოლებში დისტანციური სწავლების მეთოდის დანერგვა ამ ეტაპზე დიდ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული, რადგან ძალიან ბევრი პედაგოგი ონლაინ სწავლების მეთოდებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს, მათი გადამზადება კი შექმნილ მდგომარეობაში გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული.
შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთმა კერძო სკოლამ დისტანციური სწავლების მეთოდის შემოღებასთან დაკავშირებით, განცხადება უკვე გააკეთა, სხვა სასწავლო დაწესებულებებში კი, ამის შესახებ, გადაწყვეტილება მიღებული არ არის.