საზოგადოება
15.07.2024 13:50
პროფესიული განათლების საფეხურზე არაფორმალური განათლების კომპონენტის გაძლიერების მიზნით, კონკურსი გამოცხადდა

პროფესიული უნარების სააგენტო, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებებისთვის, საგრანტო კონკურსს აცხადებს.

სააგენტოს ინფორმაციით, კონკურსი მოიცავს საკვანძო კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული არაფორმალური საგანმანათლებლო კურსების შემუშავებას და მის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

„კურსის მიზანი პროფესიული განათლების საფეხურზე არაფორმალური განათლების კომპონენტის გაძლიერება-პოპულარიზაცია, კურსის მსმენელებისთვის სხვადასხვა ცხოვრებისეული უნარების განვითარება, მათი სოციალიზაცია და სტუდენტურ და აკადემიურ ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობის ხელშეწყობაა“, - აცხადებენ სააგენტოში.

განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და 25 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია პროფესიული უნარების სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე განთავსებულ ბმულზე.

კვირის ამბები