„ერთიანი ეროვნული გამოცდები 2024“ მათემატიკის გამოცდით გრძელდება. ამ დროისთვის, გორის საგამოცდო ცენტრში 423 აპლიკანტი ცდილობს საკუთარი ცოდნის დადასტურებას. როგორც „გორის მაცნესთან“ საუბრისას გორის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორმა თინათინ გვერდწითელმა განაცხადა, საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.
„რაც შეეხება რეგისტრაციის პროცესს, შეფერხებები არც ამ კუთხით გვქონია. დღევანდელ გამოცდაზე 442 აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, თუმცა, 19 მათგანი გამოცდაზე არ გამოცხადდა. გეტყვით იმასაც, რომ რეგისტრაციის პროცესში დაგვიანების შემთხვევები ან რაიმე სახის შეუსაბამობა არ დაფიქსირებულა. მათემატიკის გამოცდა 3 საათის განმავლობაში გრძელდება. გამოსაცდელთა მეორე ნაკადს 14:00 საათისთვის ველოდებით,“ - განაცხადა თინათინ გვერდწითელმა.
შეგახსენებთ, წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა, ხოლო მასწავლებლის გამოცდის ჩასაბარებლად 18 900-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა.
2024 წელს საგამოცდო ცენტრები შემდეგ ქალაქებში გაიხსნა: გორი, თბილისი, ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, რუსთავი, თელავი, ხულო, ამბროლაური.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.