ზაფხულის სეზონზე ძლიერმა სიცხემ ბავშვებში, შესაძლოა, სხვადასხვა ფორმის დაავადებები გამოიწვიოს. კერძოდ, დეჰიდრატაცია, ორგანიზმის გამოფიტვა, კრუნჩხვითი მოვლენები, სისხლის მიმოქცევის მოშლა, სისუსტე, ძლიერი დაღლილობა, თავის ტკივილი, ცხელება, გულის რევა, ღებინება, დაბუჟება, ქცევის ცვლილებები (ძილიანობა, ცუდ გუნებაზე ყოფნა), ჩვეულებრივზე სწრაფი და ღრმა სუნთქვა. ამიტომ, ბავშვი ძლიერი სიცხისგან მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული და საეჭვო სიმპტომების გაჩენისთანავე, უნდა დაუკავშირდნენ ექიმს.
როგორც მედიკოსები აღნიშნავენ, ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან ის ბავშვები, რომლებსაც აქვთ სუნთქვის გაძნელება (ასთმა), გულ-სისხლძარღვთა და თირკმელების დაავადებები, დიარეა, შეზღუდული გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები.
რაც შეეხება რჩევებს: თუ შეამჩნიეთ რომელიმე სიმპტომი ძლიერი სიცხის დროს, გადაიყვანეთ ბავშვი გრილ ადგილას და მიეცით მას დიდი რაოდენობით სითხე;
არ დაგავიწყდეთ ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობაც. სახლში ჩაკეტვით ბავშვები შეიძლება გახდნენ ნერვიულები და მოუსვენრები. ამიტომ, წინასწარ დაგეგმეთ სახლში გასართობი აქტივობები და თამაშები, რაც შეზღუდავს ტელევიზორთან გატარებულ დროს;
აბანავეთ ბავშვი გრილ წყალში მანამ, სანამ არ იგრძნობს თავს ხალისიანად;
თუ იყენებთ ვენტილატორს, დადგით იგი ბავშვისგან უსაფრთხო მანძილზე და აკონტროლეთ ჰაერის ნაკადის მიმართულება;
გარეთ გასვლა დაგეგმეთ დღის უფრო გრილ პერიოდში;
თუ ხართ ისეთ ადგილზე, სადაც კოღოა მომრავლებული, დაიცავით კანის თავისუფალი ზედაპირი მწერების საწინააღმდეგო საშუალებებით და მიჰყევით ამ საშუალების მწარმოებლის ინსტრუქციას;
არასდროს დატოვოთ ბავშვი გაჩერებულ (პარკირებულ) ტრანსპორტში, ან მზის სხივების ქვეშ. გრილი ტემპერატურის დროსაც კი მანქანაში შეიძლება ტემპერატურამ სწრაფად მოიმატოს. ღია ფანჯარის შემთხვევაშიც კი, 10 წუთში ტემპერატურამ შეიძლება 6 გრადუსით მოიმატოს;
თუ მზის სხივების არიდება შეუძლებელია, გამოიყენეთ მზისგანდამცავი კრემი, რომელიც შეიცავს ულტრაიისფერი სხივების ფილტრს და მიჰყევით კრემის მწარმოებლის ინსტრუქციას.