საზოგადოება
11.07.2024 14:22
100 მლნ. ლარით გაიზრდება თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, 115 მლნ. დაემატება ჯანდაცვის სამინისტროს - მთავრობა სხვადასხვა უწყების ბიუჯეტს ზრდის

ვიტოვებ იმედს, რომ მომავალში გადაიდგმება პრაგმატული, რაციონალური, სწორი, სამართლიანი ნაბიჯები და სწორედ ასეთი ნაბიჯები შეუწყობს ხელს ურთიერთობების გადატვირთვას აშშ-სა და საქართველოს შორის, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აშშ-სა და ევროკავშირის გადაწყვეტილებას თავდაცვის სფეროში საქართველოსთვის თანხების გამოყოფის შეჩერების თაობაზე.
„მინდა, გამოვეხმაურო აშშ-სა და ევროკავშირის გადაწყვეტილებას თავდაცვის სფეროში თანხების გამოყოფის შეჩერების თაობაზე. ეს არის სამწუხარო, რამდენადაც ის არ პასუხობს ჩვენს მოლოდინებს ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით. გასული 4 წლის პოლიტიკური მოვლენების ფონზე ამ ურთიერთობებს ნამდვილად სჭირდება გადატვირთვა. ამისთვის ქართული მხარე, ჩვენი ხელისუფლება, სახელმწიფო თავიდან ბოლომდე მზად არის და ვართ შემხვედრი ნაბიჯების მოლოდინში. ასეთი გადაწყვეტილებები კი არის კონტრპროდუქტიული ურთიერთობების გადატვირთვის თვალსაზრისით, თუმცა მე კვლავაც ვიტოვებ იმედს, რომ მომავალში გადაიდგმება პრაგმატული, რაციონალური, სწორი, სამართლიანი ნაბიჯები და სწორედ ასეთი ნაბიჯები შეუწყობს ხელს ურთიერთობების გადატვირთვას აშშ-სა და საქართველოს შორის, ჩვენ ვართ მზად ამისათვის," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

[ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განაცხადებთ, ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევრო გაყინა]. 

ირაკლი კობახიძის განცხადებითვე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 100 მლნ. ლარით გაიზრდება. აგრეთვე ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პირველი ორი კვარტლის განმავლობაში ქვეყანაში დაფიქსირებულ მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყოველივე აღნიშნული იძლევა სხვადასხვა უწყებისთვის ბიუჯეტის გაზრდის საშუალებას.

„მთლიანობაში 519 მლნ ლარით შეგვიძლია გავზარდოთ წლევანდელი ბიუჯეტი. უკვე გვქონდა მსჯელობა ამ თანხის სავარაუდო განაწილებასთან დაკავშირებით და, ვფიქრობთ, რომ ეს თანხები განაწილდება შემდეგი სახით: 115 მილიონით გაიზრდება ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, 100 მილიონი დაემატება თავდაცვის სამინისტროს, 80 მილიონი - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, 33 მილიონით გაიზრდება კულტურის და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი, 10 მილიონი დაემატება შინაგან საქმეთა სამინისტროს, 10 მილიონი - რეგიონულ განვითარებას და ინფრასტრუქტურას, 6 მილიონით გაიზრდება საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი, ცესკოს დაემატება 3 მილიონი ლარი, 60 მილიონი ლარით გაიზრდება სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიების ბიუჯეტი და 102 მილიონი დამატებით გადაეცემა მუნიციპალიტეტებს. ასეთი არის შემოთავაზებული განაწილება, რის მიხედვითაც მომავალში ვიმოქმედებთ", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

კვირის ამბები