დღეიდან, 14 აპრილის ჩათვლით, ყველა პრობაციონერი გათავისუფლებულია პრობაციის ბიუროებში გამოცხადებისგან - თეა წულუკიანი
პრობაციონერებს 14 აპრილამდე ვათავისუფლებთ რეჟიმის ვალდებულების შესრულებისგან, - აღნიშნულის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„მივმართავ პრობაციონერებს, დღეიდან, 14 აპრილის ჩათვლით, ყველანი ხართ გათავისუფლებული პრობაციის ბიუროებში გამოცხადებისგან. ეს ნიშნავს იმას, რომ ე.წ. თითის დადება ან პრობაციის ოფიცერთან, სოც.მუშაკთან ან ფსიქოლოგთან ჩანიშნული სავალდებულო შეხვედრები გაუქმებულია. პრობაციონერებს 14 აპრილამდე ვათავისუფლებთ რეჟიმის ვალდებულების შესრულებისგან. გამოუცხადებლობა ყველას ჩაეთვლება საპატიოდ და არავითარი სამართლებრივი შედეგი ამას არ მოჰყვება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ამასთან, თეა წულუკიანი მოქალაქეებს მოუწოდებს, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, იუსტიციის სახლებს, საზოგადოებრივ ცენტრებს, რეესტრების ტერიტორიულ სამსახურებსა და სანოტარო ბიუროებს ნუ მიაკითხავენ.