ნარჩენების მართვის სწორი პრაქტიკის დანერგვის მიზნით ჩატარებული კონკურსის - „SOS Plastic“ ერთ-ერთი გამარჯვებული გორის №9 საჯარო სკოლა გახდა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, სკოლის მიერ ჩატარებული კვლევების და აუდიტის საფუძველზე დადგინდა, რომ კონკურსის დასასრულს, პლასტმასის მოხმარება თავდაპირველთან შედარებით 75%-ით შემცირდა.
„კონკურსის მიმდინარეობისას, სკოლებს ნარჩენების სწორ მართვაზე ტრენინგები და ინდივიდუალური კონსულტაციები უტარდებოდათ. მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მდგრადი პრაქტიკების შესახებ ინფორმაციებს გაცნობოდნენ და არაერთი იდეის განხორციელებაში მიეღოთ მონაწილეობა“, - აცხადებენ ორგანიზატორები.
„SOS Plastic“ CENN-ის ინიციატივით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ნორვეგიის მხარდაჭერით, პროექტის - „შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც UNDP-ს და ნორვეგიის უფრო ფართომასშტაბიანი პროგრამის - „ლიდერობა, თანასწორობა, ადვოკატირება, დემოკრატია“ ხელშეწყობით ხორციელდება.