პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ხუთი გორელი სპორტსმენი იასპარეზებს.
გორელთაგან შეჯიბრში მონაწილეობას როგორც ძიუდოისტები, ისე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები მიიღებენ.
ძიუდოში საქართველოს ღირსებას ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი და ეთერ ასკილაშვილი დაიცავს.
აღსანიშნავია, რომ ლაშა შავდათუაშვილს ოლიმპიადაზე სამივე სინჯის - ოქროს (2012 წ.), ვერცხლის (2020 წ.) და ბრინჯაოს (2016 წ.) მედალი აქვს მოპოვებული. ვაჟა მარგველაშვილი ვერცხლის (2020) მედლის მფლობელია. ეთერ ასკილაშვილი კი ოლიმპიადის დებიუტანტია.
სამივე ძიუდოისტი გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის აღზრდილია.
რაც შეეხება თავისუფალ ჭიდაობას, აღნიშნულ სპორტის სახეობაში, გორელთაგან გენო პეტრიაშვილი და გოდერძი ძებისაშვილი იასპარეზებენ.
პეტრიაშვილი ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის (2020) და ბრინჯაოს (2016) მედლებს ფლობს.
ძებისაშვილი კი ოლიმპიადაზე პირველად გამოვა.
„პარიზის ოლიმპიადა ჩვენი ქალაქის სპორტსმენთათვის მეთორმეტე ოლიმპიური თამაშები იქნება. გორელებისთვის ოლიმპიადამ მედლების გარეშე მხოლოდ ორჯერ ჩაიარა. გორელებს ოლიმპიადებზე, ჯამში, სამი - ოქროს, ექვსი - ვერცხლის და შვიდი ბრინჯაოს მედალი აქვთ მოპოვებული“, - აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარეისა და ხელშეწყობის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ოლიმპიურ თამაშებს საფრანგეთის დედაქალაქი 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს.