საზოგადოება
10.07.2024 11:14
ახალგაზრდული იდეების კონკურსი დასრულდა - გამოვლინდა ხუთი საუკეთესო გარემოსდაცვითი საპროექტო იდეა

ახალგაზრდული იდეების კონკურსი - პროექტი ,,ჩვენ ვმეგობრობთ ბუნებასთან“ იდეათონით დასრულდა.

კონკურსის ფარგლებში, ხუთი საუკეთესო გარემოსდაცვითი საპროექტო იდეა გამოვლინდა, რომელთა ავტორები ხიდისთავის, სვენეთის, შინდისის, დიცის და გორის №7 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.

ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, იდეების კონკურსის მომდევნო ეტაპზე გამარჯვებული პროექტებიდან სამი საუკეთესო გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 500-500 ლარით, ხოლო ორი „საზოგადოება ბილიკის" მიერ 400-400 ლარით დაფინანსდება და „ბილიკის" მხარდაჭერით სექტემბრიდან განხორციელდება.

„იდეების კონკურსში გორის მუნიციპალიტეტის 18 სკოლა იყო ჩართული, მათგან 10 საუკეთესო იდეის მქონე 14-18 წლის ორი ახალგაზრდისგან შემდგარი გუნდი იდეათონში მონაწილეობისთვის შეირჩა.

პროექტის ფარგლებში, მონაწილეები მდგრადი განვითარების მიზნების, გარემოს დაცვის, სოციალური და მწვანე მეწარმეობის, კლიმატის ცვლილების და პროექტების წერის შესახებ ტრენინგებს დაესწრნენ. გარდა ამისა, ნარჩენების მართვის საკითხებზე მასტერკლასები ჩაუტარდათ. ახალგაზრდებმა მეორადი მასალის გამოყენებით მოამზადეს ეკო-გმირები თოჯინური სპექტაკლისთვის და პროექტის აქტივობებში მიღებული ცოდნის და გამოცდილების საფუძველზე შემუშავებული საპროექტო იდეები იდეათონის ჟიურის წარუდგინეს", - აცხადებენ მერიაში.

პროექტის - „ჩვენ ვმეგობრობთ ბუნებასთან" მიზანი მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება, ეკოლოგიის სფეროში უნარ-ჩვევების განვითარება, გარემოსადმი ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბება და მოსწავლეებში გარემოს დაცვის და ნარჩენების ეფექტური მართვის შესახებ პირადი პასუხისმგებლობის გაცნობიერებაა.

პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიის და საზოგადოება „ბილიკის" თანამშრომლობით „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის" ფარგლებში განხორციელდა.

კვირის ამბები