გორის სამხედრო ჰოსპიტალში შექმნილ საკარანტინო სივრცეში, ამ დრომდე 34 პირი რჩება. აღნიშნული ინფორმაცია მედიას კლინიკის დირექტორმა, დავით ბარლიანმა მიაწოდა. მისივე ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში საქართველოს 30 და და უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქეა მოთავსებული. ამასთან, საქართველოს მოქალაქეებს შორის, შვიდი სამხედრო მოსამსახურეა.
„ორ პაციენტზე გაჩნდა ეჭვი და მათი ბიოლოგიური მასალა უკვე გადაგზავნილია ლაბორატორიაში კორონავირუსზე ტესტის ჩასატარებლად. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, გეტყვით, რომ არც ერთის შემთხვევაში კორონავირუსი ლაბორატირიულად არ დადასტურებულა და ამ დროისთვის, ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ძირითადად გამოხატულია დაბალი ტემპერატურა, გართულებებს ადგილი არ აქვს და შესაბამისად, სამედიცინო ჩარევაც არ ხდება. ამასთან, იგეგმება მალე იმ პაციენტების გაშვებაც, რომელთაც კარანტინში ყოფნის 14 დღე შეუსრულდათ“, - განაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა, დავით ბარლიანმა.
გორის სამხედრო ჰოსპიტალში, საკარანტინო სივრცე 1-ლი მარტიდან მოეწყო.