საზოგადოება
12.03.2020 12:16
გამორიცხული არ არის, საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები ქორწილებსა და ქელეხებზეც გავრცელდეს - პაატა იმნაძე
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში მიმდინარე ბრიფინგზე, დაწესებულების სამედიცინო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ მსოფლიოში პანდემიის გამოცხადებისა და ქვეყანაში მიმდინარე პრევენციული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. იმნაძის განცხადებით, მოსახლეობა უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესებისთვის მზად უნდა იყოს, რადგან გარკვეულ ეტაპზე, შესაძლოა, მთავრობა დიდი თავყრილობები აკრძალოს.

„ასეთ სიტუაციაში, გარდა იმისა, რომ ქვეყანაში არსებული კონკრეტული უწყებები უნდა იყოს მზად კორონავირუსთან გასამკლავებლად, ამავდროულად, მნიშვნელოვანია მოსახლეობის მზაობაც, რომ გაითვალისწინოს შესაბამისი რეკომენდაციები. ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაცია მთავრობისათვის იყო, რომ რაღაც ეტაპზე საჭირო გახდება მეტი შეზღუდვები. მაგალითად, ეს არის პირველ რიგში ხალხმრავალი ქორწილები, ქელეხები. გასაგებია, რომ ეს ჩვეულებრივი ცხოვრების წესის შეზღუდვაა, მაგრამ შესაძლოა ამის საჭიროებაც დადგეს. ამისთვის წინასწარ უნდა ვიყოთ ყველანი შემზადებული, რომ დიდი თავყრილობები შეიძლება მთავრობამ აკრძალოს. ბუნებრივია, ჩვენ არ გვინდა მივიდეთ ისეთ სიტუაციამდე, როგორზეც მივიდა ზოგიერთი ევროპული ქვეყანა და შემდეგ გამოაცხადეს ასეთი შეზღუდვები. ყველაფერი დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის განვითარებაზე“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კი, ახალ კორონავირუსს პანდემიის სტატუსი მიანიჭა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით კი, მთავრობის ყველა ორგანო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.
კვირის ამბები