საზოგადოება
04.07.2024 20:50
დაღუპული პილოტის ოჯახს პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თავდაცვის მინისტრმა და საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელებმა მიუსამძიმრეს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, მინისტრის მოადგილეები და საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელები გორში იმყოფებოდნენ, სადაც საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილი სუ-25 ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის დროს დაღუპული პილოტის, ვიცე-პოლკოვნიკ კახაბერ ზურაბაშვილის ოჯახს და ახლობლებს მიუსამძიმრეს.

გორში, შარტავას ქუჩაზე, გარდაცვლილი პილოტის საცხოვრებელ სახლთან მეორე დღეა ხალხმრავლობაა, დაღუპულის ოჯახს თავდაცვის ძალების სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და წარმომადგენლები უსამძიმრებენ.

დაღუპულ პილოტს, ვიცე-პოლკოვნიკ კახაბერ ზურაბაშვილს გორში შაბათს, 6 ივლისს დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილმა სუ-25 ტიპის საფრენმა აპარატმა კატასტროფა გეგმური სწავლების დროს, 2 ივლისს განიცადა. კატასტროფის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შემთხვევის ადგილზე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ცოტა ხნის წინ დასრულდა. შედეგად, ნანახი და ამოღებულია საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები. იდენტიფიცირებულია საფრენი აპარატის ნაწილები და ნაპოვნია შავი ყუთი. გამოძიების ფარგლებში ამოღებულია მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, გამოიკითხნენ მოწმეები. დანიშნულია საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, დაგეგმილია ქიმიური, ბალისტიკური და ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზები.

კვირის ამბები