საზოგადოება
04.07.2024 15:56
ავტომობილების მინების დამუქების წესი შეიცვალა

ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესში ცვლილება შევიდა. შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 26 მარტის ბრძანების თანახმად, საპატრულო პოლიციის თანხმობას აღარ საჭიროებს ისეთი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, რომლის საქარე მინაზეც შუქგამტარობა მწარმოებლის მიერ არის შემცირებული და არ აღემატება 30%-ს.

მინისტრის ბრძანებით, მე-3 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ტერიტორიაზე, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის მინების შუქგამტარობის შემცირება არ აღემატება წინა გვერდითა მინებზე 40%-ს, ხოლო მძღოლის უკან მსხდომი მგზავრების მხარეს განთავსებულ გვერდითა მინებზე - 75%-ს, არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანხმობას.

სატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინაზე შუქგამტარობის შემცირება აკრძალულია, გარდა ამ მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანხმობას არ საჭიროებს იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის წინა საქარე მინაზე შუქგამტარობა შემცირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალების დამამზადებლის (მწარმოებლის) მიერ და შუქგამტარობის შემცირება არ აღემატება 30%-ს“, - ნათქვამია მინისტრის ბრძანებაში, რომელიც 2 ივლისიდან შევიდა ძალაში.

კვირის ამბები