რეგიონი
04.07.2024 13:55
გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია შიდა ქართლში ახალ პროექტს იწყებს

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) შიდა ქართლის რეგიონში ახალი პროექტის განხორცელებას იწყებს.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ახალი პროექტის - „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ პრეზენტაცია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართეს.

შეხვედრას შიდა ქართლის რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი, პროექტის ხელმძღვანელი სტეფანო მუსსი, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, FAO-ს და რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ახალი პროექტის განხორციელება კასპის მუნიციპალიტეტში იგეგმა და როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მის მიზანს სოფლის მეურნეობის სექტორში კონკურენტუნარიანობის გაზრდის ხელშეწყობა, სურსათის წარმოების გაძლიერება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, ფერმერების ცოდნის ამაღლება, ამავდროულად, სოფლად სიღარიბის შემსუბუქება და დარგში გენდერული და სოციალური ბალანსის მხარდაჭერა წარმოადგენს.

სიმონ გულედანის თქმით, გასულ წლებში ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით, FAO-ს და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, სოფლის განვითარების საპილოტე პროექტები ატენის და ფლევის თემებში განხორციელდა, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის და, ზოგადად, თემისთვის მნიშვნელოვანი და საჭიროებაზე მორგებული იყო.

„ჩვენ უკვე გვაქვს თანამშრომლობის კარგი პრაქტიკა და მოხარული ვარ, რომ შემდგომი პროექტის განხორციელების სამიზნე რეგიონი კვლავ შიდა ქართლია. მზად ვართ, მჭირდო თანამშრომლობისთვის და სამუშაო პროცესში, კომპეტენციის ფარგლებში, ჩართულობისთვის“, - აღნიშნა სიმონ გულედანმა.

ცნობისთვის, პროექტი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. პროექტის პარტნიორია, ასევე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

კვირის ამბები