„მთავრობის ყველა ორგანო 24 საათის განმავლობაში მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. ეს განსაკუთრებით ეხება ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა, განათლების, იუსტიციის, საგარეო საქმეთა სამინისტროებს და რა თქმა უნდა, ფინანსთა სამინისტროს შესაბამის უწყებებს, რომლებიც საზღვრებზე ფუნქციონირებენ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა მტავრობის სხდომაზე განაცხადა.
გიორგი გახარიას თქმით, „ახლა პანიკის დრო არ არის, პირიქით, ერთიანობის და ეფექტური მოქმედების დროა“.
„მოგეხსენებათ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გუშინ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში საკოორდინაციო საბჭო ბოლო კვირების განმავლობაში აქტიურად მუშაობს და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული კორონავირუსის პანდემიასთან მზაობის პერიოდის შესაბამის რეკომენდაციებს მიჰყვება. მსოფლიოში არსებული სამწუხარო სტატისტიკიდან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ შედარებით ვახერხებთ ამ გამოწვევებს გავუმკლავდეთ, თუმცა, არცერთ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს მოდუნების ან თვითკმაყოფილების საფუძველი. ეს გამოწვევები, როგორც ჩანს, ყოველდღიურად გაიზრდება და ჩვენ ვალდებულები ვართ, შესაბამისად ვიყოთ მზად საპასუხოდ. პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს მოხუცებზე, ბავშვებზე და რა თქმა უნდა, ერთმანეთზე“, - განაცხადა მთავრობის ხელმძღვანელმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციების რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 1-ელ აპრილამდე გადაიდო სასკოლო დაწესებულებებში სწავლა, ასევე 13 აპრილამდე გადავადდა საგაზაფხულო გაწვევა საქართველოს ჯარში. მთავრობის ხელმძღვანელის რეკომენდაციითვე, სახელმწიფო და კერძო უწყებებს უფლება მიეცათ, შესაძლებლობის ფარგლებში, გადავიდნენ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე.