კულტურა
03.07.2024 14:28
საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, გორსა და დიცში ქართულ-პოლონური სპექტაკლი და პერფორმანსები გაიმართება

საერთაშორისო ფესტივალის - „ხელოვნება საზღვრების გარეშე“ ფარგლებში, პროექტში ჩართული ახალგაზრდები ქართულ-პოლონური სპექტაკლის ჩვენებას გორსა და საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ დიცში გამართავენ.

ფესტივალის ფარგლებში, გორში იმყოფებიან რეჟისორები და მსახიობები პოლონეთიდან, ირანიდან, იტალიიდან და უკრაინიდან, რომლებიც სამსახიობო ხელოვნებას გორსა და დიცში მცხოვრებ ახალგაზრდებს უზიარებენ და ერთობლივი სპექტაკლის გარდა, მიმდინარეობს სხვადასხვა თემატიკის პერფორმანსებზე მუშაობა.

როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, „ხელოვნება საზღვრების გარეშე“ მიზნად ისახავს, ახალგაზრდები დაეუფლონ კინოს და თეატრის სამსახიობო ხელოვნებას, შეისწავლონ ფილმების გადაღება-მონტაჟი, ცეკვის და სიმღერის მრავალფეროვანი მიმართულებები.

რაც შეეხება ქართულ-პოლონური სპექტაკლის და პერფორმანსების წარმოდგენის დროს და ლოკაციებს: პერფორმანსი - „გუშინ-ხვალ-დღეს“ გაიმართება 5 ივლისს 18:30 საათზე გორში (მიწისქვეშა გადასასვლელი);

პერფორმანსი - „ძალა ერთობაშია“ - 6 ივლისს, 20:30 საათზე სოფელ დიცში (ცენტრი, ბიბლიოთეკის მიმდებარედ);

პერფორმანსები - „ძალა ერთობაშია“, „ისტორიები ჩვენი სახლიდან“ კი გაიმართება 7 ივლისს, 20:30 საათზე გორში (გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის შიდა ეზო).

ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

შეგახსენებთ, საერთაშორისო კინოსა და თეატრის ფესტივალი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საგრანტო კონკურსის „საჯარო დიპლომატია 2024“ და გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

კვირის ამბები