საზოგადოება
03.07.2024 11:00
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, დღეს აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ამ დროისთვის, აბიტურიენტების ნაწილი გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებს. გორის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის, თინათინ გვერდწითელის თქმით,  დღეს, ორი სესიაა ჩანიშნული. საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში, ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს.

„რაც შეეხება რეგისტრაციის პროცესს, შეფერხებები არც ამ კუთხით გვქონია. დღევანდელ გამოცდაზე 505 აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, თუმცა, 28  მათგანი გამოცდაზე არ გამოცხადდა. რაც შეეხება მეორე სესიას, რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება და ასევე 505 აბიტურიენტია დარეგისტრირებული“, - განაცხადა თინათინ გვერდწითელმა „გორის მაცნესთან“ საუბრისას.

აქვე გეტყვით, რომ წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა, ხოლო მასწავლებლის გამოცდის ჩასაბარებლად 18 900-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა.

2024 წელს საგამოცდო ცენტრები შემდეგ ქალაქებში გაიხსნა: გორი, თბილისი, ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, რუსთავი, თელავი, ხულო, ამბროლაური.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

 

 

 

კვირის ამბები