იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში დამტკიცებული „სახელმწიფო სერვისების განვითარების 2022-2025 წლების სტრატეგიით“ გათვალისწინებული ორგანიზაციული თვითშეფასების ევროპული მოდელი – „შეფასების ერთიანი სისტემა“ (CAF) დანერგა.
უწყების ინფორმაციით, შეფასების ევროპული მოდელი ხარისხის მართვის გაუმჯობესებას, მოქალაქეთა კმაყოფილების ზრდას, ორგანიზაციის მუდმივ განვითარებას, თვითშეფასების საფუძველზე სამუშაო პროცესების გაუმჯობესებას, საჯარო უწყებებში შეფასების ერთიანი სისტემის ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს.
„შეფასების სისტემა 9 ძირითადი კრიტერიუმის და 28 ქვეკრიტერიუმის მიხედვით ხორციელდება.
სააგენტოში თვითშეფასების ევროპულის მოდელი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK International Development-ის მხარდაჭერით დაინერგა.
ხარისხის მართვის პირველი ევროპული ინსტრუმენტი - „შეფასების ერთიანი სისტემა“ (Common Assessment Framework (CAF)) საჯარო სექტორის საჭიროებათა მიხედვით, ევროპული საჯარო ადმინისტრირების ქსელის (EUPAN), ევროკავშირის საჯარო მმართველობაზე პასუხისმგებელი მინისტრების და საჯარო ადმინისტრირების ევროპული ინსტიტუტის (EIPA) თანამშრომლობით შეიქმნა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ათასობით საჯარო დაწესებულებაში წარმატებით გამოიყენება“, - აცხადებენ უწყებაში.