მთავრობის მიმდინარე სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, სახელმწიფო უწყებებსა და კერძო ორგანიზაციებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შესაძლებლობების ფარგლებში, დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადასვლის რეკომენდაცია მისცა.
როგორც გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მნიშვნელოვანია, ამ ნაბიჯმა მთავრობის ეფექტურ მუშაობას ხელი არ შეუშალოს.
„საქართველოს მთავრობას და ყველა სახელმწიფო უწყებას ეძლევა რეკომენდაცია, მაქსიმალურად, შესაძლებლობების ფარგლებში, გადავიდნენ დისტანციური შრომის პირობებზე და თითოეული თანამშრომელი, რომლის ადგილზე ყოფნა არ არის აუცილებელი, იყოს დისტანციურ რეჟიმში გადაყვანილი. ასეთი რეკომენდაცია ეძლევა ყველა კერძო სტრუქტურას და ყველა კერძო ორგანოს. ბუნებრივია, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ნაბიჯმა ხელი არ შეუშალოს მთავრობისა და სახელმწიფო ორგანოების ეფექტურ მუშაობას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 24 შემთხვევაა დადასტურებული, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კი, ახალ კორონავირუსს პანდემიის სტატუსი მიანიჭა.