ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალიდან, 3 ივლისიდან დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგნისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. 5 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც. რაც შეეხება მაგისტრანტობის კანდიდატებს, საერთო სამაგისტრო გამოცდას 17 და 18 ივლისს ჩააბარებენ.
2024 წელს საგამოცდო ცენტრები შემდეგ ქალაქებში გაიხსნება: ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, თბილისი, რუსთავი, თელავი, ხულო, ამბროლაური.
შეგახსენებთ, რომ 2024 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა, ხოლო მასწავლებლის გამოცდის ჩასაბარებლად 18 900-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.