გვიან ღამით, გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე მომხდარი ჩხუბის შედეგად ერთმა მამაკაცმა სხეულის დაზიანება მიიღო. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებული სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა. ჰოსპიტლის ექიმის განცხადებით, პაციენტმა კლინიკა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში დატოვა.
„სასწრაფო დახმარების ჯგუფის მიერ ღამის საათებში შემოყვანილ იქნა 40 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელსაც აღენიშნებოდა მარჯვენა მხრის მიდამოში დაზიანებები და ასევე დაზიანება მარცხენა თვალბუდის მიდამოში. მოხდა აღნიშნული დაზიანებების დამუშავება, გაეწია სხვადასხვა პროფილის ექიმის კონსულტაცია, სხვა დაზიანებების გამოსარიცხად ჩაუტარდა მთლიანი სხეულის კომპიუტერული ტომოგრაფია. კვლევების შედეგად, სიცოცხლისთან შეუთავსებელი დაზიანება პაციენტს არ აღენიშნებოდა. შესაბამისი კონსულტანტების კონსულტაციის საფუძველზე, პაციენტმა დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით დატოვა კლინიკა“, - აღნიშნა ჰოსპიტლის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ექიმმა ირაკლი ეზეკელმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
,,გორის მაცნეს“ ინფორმაციით, დაშავებული ქუთაისის მცხოვრებია და გორში ნაცნობებთან იყო ჩამოსული.