სპორტი
02.07.2024 12:19
2 ივლისი სპორტული ჟურნალისტიკის დღეა

2 ივლისი სპორტული ჟურნალისტიკის საერთაშორისო დღეა. თარიღი 1920 წლიდან აღინიშნება. ტრადიციას საფუძველი კი ანტვერპენში (ბელგია) გამართული ოლიმპიური თამაშებისას ჩაეყარა.

რაც შეეხება საქართველოს, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია (სსჟა) 1991 წლის 19 აპრილს დაფუძნდა და სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაციაში 1992 წლის 30 აპრილს გაწევრიანდა.

პირველი ქართული სპორტული ჟურნალი - „შევარდენი“ სპორტულმა საზოგადოება „შევარდენმა“ 1918 წელს გამოსცა. 1934 წელს სპორტული გაზეთი - „პირველი ფიზკულტურელი“ დაიბეჭდა, რომელსაც 1949 წლიდან სახელი შეეცვალა და დღემდე „ლელოს“ სახელით ვრცელდება.

გორელი სპორტული ჟურნალისტი ვასილ ბალახაძე აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით მუშაობას განსაკუთებული ხიბლი აქვს.

„სპორტული ჟურნალისტიკა ჩემი არჩევანია, რომელიც 1998 წელს გავაკეთე. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მქონდა რთულად გადასალახი დღეები, გზიდან არ გადამიხვევია, რადგან ქართული სპორტის სამსახურში ყოფნა, ჩვენი სპორტსმენების, მწვრთნელების, ამ სფეროში მოღვაწე ადამიანების გვერდით გარჯა, მუდამ სასიამოვნო იყო.

საქართველოში სპორტი პოპულარულია, სიხარული მოაქვს ხალხისთვის და ამიტომ სპორტული ჟურნალისტები, უმეტესწილად, სიხარულის მაუწყებელ ადამიანებად ვიქეცით, თუმცა, ვეხებით პრობლემატურ თემებსაც. წარმატებები და ნაყოფიერი საქმიანობა მინდა ვუსურვო ყველა სპორტულ ჟურნალისტს“, - „გორის მაცნესთან“ აღნიშნა ვასილ ბალახაძემ.

კვირის ამბები