„უახლოეს დღეებსა და კვირებში ველოდებით, რომ დაინფიცირების შემთხვევების და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზრდება. ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ დაავადება COVID-19 შესაძლოა შეფასდეს, როგორც პანდემია“, - განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის 124 910 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია 4 585 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 67 050 პაციენტი.
რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 24 შემთხვევაა დადასტურებული.
პანდემია (ბერძ. pandemia - მთელი ხალხი) არის ეპიდემია, რომელსაც ახასიათებს ინფექციური დაავადების გავრცელება ვრცელ რეგიონში, რამდენიმე ქვეყანაში ან მთელ მსოფლიოში.
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს, სხვა ქვეყნების მსგავსად, პანდემიური მზადყოფნა ისედაც ჰქონდა.
„სერიოზული ღონისძიებები ტარდება ახლაც და ემატება ახალ-ახალი ღონისძიება. ყველა ქვეყანას აქვთ თავიანთი გეგმები და მათ შორის ჩვენს ქვეყანასაც. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა კორონავირუსული ინფექციის ის ეპიდაეფთქებები პანდემიად. პანდემია არის გლობალური ეპიდემია. ეს არ არის მხოლოდ ერთ ქვეყანაში, დღეს უკვე ის 120 ქვეყანაშია და ქვეყანათა რაოდენობა ყოველდღიურად ემატება, ინფექცია თითქმის ყველა ქვეყანაშია.
ხვალ უკვე გამოქვეყნდება რეკომენდაციები დამატებითი ღონისძიებების შესახებ, რა უნდა გატარდეს გლობალურად. ჩვენ ისედაც გვქონდა ყველა ქვეყანას პანდემიური მზადყოფნა,“ - განაცხადა გამყრელიძემ.
ტერმინ პანდემიის ცნება ნიშნავს იმის მოლოდინს, რომ ინფექცია მსოფლიოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს შეეხება. პანდემია ცხადდება მაშინ, როდესაც ახალი დაავადება, რომლის მიმართაც მოსახლეობას იმუნიტეტი არ აქვს, მსოფლიოს მასშტაბით მოსალოდნელზე უფრო მეტად ვრცელდება.
პანდემიად გამოცხადება იმასაც ნიშნავს, რომ ქვეყნის შიგნით გადადება მეტად სავარაუდო ხდება და ჯანდაცვის სისტემა ამისთვის უნდა მოემზადოს. პანდემია დაკავშირებულია ფინანსების მობილიზებასთანაც, რომ ქვეყნები ერთობლივი ძალებით გაუმკლავდნენ საშიშროებას.