საზოგადოება
01.07.2024 13:38
ქართული ინოვაცია - „ციფრული უნივერსიტეტი“ პენიტენციურ დაწესებულებებში, ევროპული ინოვაციური პროექტების საუკეთესო სამეულშია

„ციფრული უნივერსიტეტი“ ციხის და სასჯელაღსრულების სისტემების ევროპულმა ორგანიზაციამ (Europris) 3 საუკეთესო პროექტს შორის დაასახელა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

აღნიშნული პროექტი უზრუნველყოფს განათლების ხელმისაწვდომობას მსჯავრდებულთათვის და შესაძლებლობას აძლევს, დისტანციურად ჩაერთონ საუნივერსიტეტო სწავლების პროცესში, ონლაინ დაესწრონ ლექციებს და პირდაპირი, ინტერაქციული კომუნიკაცია ჰქონდეთ ლექტორებთან.

Europris-ის ყოველწლიურ ჯილდოზე ევროპის ქვეყნების 37 პროექტი იყო წარდგენილი და როგორც უწყებაში აცხადებენ, „ციფრული უნივერსიტეტის“ წარმატება ქვეყანაში მიმდინარე პენიტენციური სისტემის კიდევ ერთი აღიარებაა – სფერო, სადაც საერთაშორისო ინსტიტუციების შეფასებით, 2012 წლამდე ადამიანის უფლებათა დარღვევა სისტემურ პრობლემას წარმოადგენდა, დღეს კი ევროპის მასშტაბით სამაგალითოა.

შეგახსენებთ, „ციფრული უნივერსიტეტი“ საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში 2022 წლიდან ამოქმედდა.

კვირის ამბები