შიდა ქართლში ალოობის სამზადისი მიმდინარეობს. ქერის ნათესების მკა ჩვენს რეგიონში, დაახლოებით, ათ დღეში დაიწყება, 15 ივლისიდან კი ხორბლის აღების პროცესი შევა აქტიურ ფაზაში, - აღნიშნულის შესახებ „გორის მაცნესთან“ სოფლისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა განაცხადა.
მამუკა ლომსაძის თქმით, ამ დროისთვის სამინისტროში შექმნილია შტაბი, რომელიც მუშაობს შესაბამისი ტექნიკის მობილიზების და სხვა საორგანიზაციო საკითხებზე, რომ ფერმერები ჩაეტიონ აგრო ვადებში და მოსავლის აღების პროცესში რისკები და პრობლემები არ შეიქმნას.
„გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე სეზონზე ქერის და ხორბლის გაცილებით უკეთეს მოსავალს მივიღებთ. მართალია, წელს მარცვლეული კულტურების ნათესების რაოდენობა შემცირებულია, თუმცა, გაზრდილია მოსავლის ხარისხი.
რაც შეეხება მოსავლის ამღებ ტექნიკას, გეტყვით, რომ ამ დროისთვის კახეთში და ქვემო ქართლში მუშაობს და როგორც კი ალოობის პროცესი ქართლში გადმოინაცვლებს, შესაბამისად, ეს ტექნიკა ჩვენთან გადმოვა და ადგილობრივებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებაში დაეხმარება“, - აღნიშნა მამუკა ლომსაძემ.
ცნობისთვის, წელს, გორის მუნიციპალიტეტში დაახლოებით, 3 000 ჰა-ზე ქერი და ამავე რაოდენობის ფართობზე ხორბალია დათესილი.