საზოგადოება
27.06.2024 13:38
ადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლის კუთხით, საქართველომ უმაღლესი შეფასება მიიღო

ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) ბრძოლის კუთხით, საქართველომ უმაღლესი შეფასება მიიღო, - ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში ადამიანით ვაჭრობის თაობაზე, საქართველო კვლავ უმაღლეს საფეხურზეა ამ კუთხით განხორციელებული ღონისძიებებით და მსოფლიოს მასშტაბით 186 ქვეყანას შორის უკვე მე-9 წელია ინარჩუნებს ადგილს ე.წ. „პირველ კალათაში“.

„წელს შეფასების უმაღლეს შკალაში მხოლოდ 33-მა ქვეყანამ დაიკავა ადგილი. აღსანიშნავია, ისიც, რომ უშუალოდ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან უმაღლეს პირველ კალათაში 12 ქვეყანა ვერ მოხვდა.

საქართველო მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას, რომელიც, ასევე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია და ქმნის ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით ქვეყანასა და რეგიონში უსაფრთხო და საიმედო გარემოს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველო სრულად აკმაყოფილებს ამ ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს, განაგრძობს მტკიცე, მდგრად, თანმიმდევრულ და კოორდინირებულ ღონისძიებებს ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით, რაც განაპირობებს ქვეყნის უმაღლეს შეფასებას.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმულია ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ყველა მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გაძლიერებული ძალისხმევა როგორც დანაშაულის პრევენციის, ისე დამნაშავეთა გამოვლენის, დასჯის და მსხვერპლთა დაცვის მიმართულებით“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები