საზოგადოება
27.06.2024 10:41
სოფლად მცხოვრები ქალების თემაზე სამწუთიანი ფილმების კონკურსი ცხადდება

სოფლად მცხოვრები ქალების თემაზე „ფონდი ტასო“ სამწუთიანი ფილმების კონკურსს აცხადებს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

„კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც აქვს სურვილი, ვიზუალური თხრობის გზით, გადმოსცეს სათქმელი ორიგინალურად, გასაგებად და საინტერესოდ, დააფიქროს მაყურებელი სოფლად მცხოვრები ქალების ყოველდღიურ თუ უჩვეულო საზრუნავზე და სრულიად განსხვავებული კუთხით დაანახოს როგორც ადგილობრივი, ისე გლობალური მნიშვნელობის საკითხები. ფილმის ქრონომეტრაჟი არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს, თუმცა, შეიძლება იყოს ნაკლები. ფილმი უნდა იყოს ქართულ ენაზე ინგლისური სუბტიტრებით. რაც შეეხება ჟანრს, შესაძლოა: მხატვრული, დოკუმენტური, მხატვრულ-დოკუმენტური, ექსპერიმენტული და ანიმაციური, HD ფორმატის. კონკურსში მონაწილეობამდე და კონკურსის დასრულებამდე არ უნდა გამოქვეყნდეს სხვა პლატფორმაზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

რაც შეეხება დაჯილდოებას, გამარჯვებულებს და საპრიზო ადგილის მფლობელებს ფულადი პრიზები (I ადგილი - 3000 ლარი, II ადგილი - 2000 ლარი, III ადგილი - 1000 ლარი) გადაეცემათ.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა სააპლიკაციო ფორმა ელექტრონულად: taso . org . ge-ზე უნდა შეავსონ. განაცხადების მიღების ბოლო ვადა 15 ივლისია. მეორე ეტაპზე გადასული ფილმები 22 ივლისს გახდება ცნობილი.

კვირის ამბები