საზოგადოება
26.06.2024 15:00
„ელექტრონული არჩევნების საყოველთაო დემონსტრირება“ - ცესკო, ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით, ახალ პროექტს იწყებს

საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩეველთა ინფორმირების შემდეგ ეტაპზე გადადის და ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ახალ პროექტს იწყებს.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ელექტრონული არჩევნების საყოველთაო დემონსტრირება“ 6 ივლისიდან განხორციელდება და მისი მიზანია საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და ხმის მიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

პროექტი, ქვეყნის მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში, თბილისსა და რეგიონებში, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებში მდებარე წინასწარ განსაზღვრულ 89 ლოკაციაზე განხორციელდება.

„მონაწილეობის მსურველებმა, დღეიდან, 26 ივნისიდან ელექტრონული წესით უნდა გაიარონ რეგისტრაცია და აირჩიონ სასურველი თარიღი და დრო. დეტალური ინსტრუქცია განთავსებულია ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე და სოციალურ ქსელებში. შეხვედრები ჩატარდება 6 - 28 ივლისის პერიოდში, ყოველ შაბათ-კვირას, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე. საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ამომრჩევლებს მონაწილეობა მიიღონ საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების პროცესში და გაეცნონ საარჩევნო ტექნოლოგიებს“, - ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებული ინფორმაციაში.

 

კვირის ამბები